Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | თხილის ფასის დადგენის ინოვაციური მეთოდი თუ თვითგამოგონება?
Regions.ge
08 December 2016, 16:20
თხილის ფასი და ხარისხის მარადიული პრობლემა ახალ ეტაპზეა _ ამჯერად, ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე, ოზურგეთში, თხილის მიმღებ პუნქტებში, თხილის ხარისხის და ვარგისიანობის დადგენის მიზნით, ახალი წესია შემოღებული. მაგალითად, თხილი თუ ჩასაბარებლად მიიტანეთ, შეიძლება, ხანგრძლივი ლოდინი დაგჭირდეთ, როდის გაარკვევენ, იმსახურებს თუ არა თქვენი თხილი იმას, რომ თუნდაც კილოგრამში მინიმალური ფასი გადაგიხადონ. გარდა ამისა, შესაძლოა, ერთი კილოგრამი თხილი უბოდიშოდ დაგაკარგინონ ტეხვა-ტეხვაში და მერე ტომარაც მოგკიდონ ზურგზე, არ ვარგა და შინ წაიღე, 2 ლარშიც ვერ ჩავიბარებთო... მკითხველს შევახსენებთ, რომ დღეისთვის თხილის ფასი ასე გამოიყურება: ერთი კილოგრამი "ბერძულა" 5, 50 ლარი ღირს, "გულშიშველა" კი 3,5 ლარი. თუმცა, ამ ფასად რომ ჩაიბარონ, თხილის პატრონმა უნდა გაიაროს შემდეგი პროცედურა, რომელიც უფრო სადამსჯელო ღონისძიებას ჰგავს: ადამიანმა, რომელმაც თხილი ჩასაბარებლად მიიტანა, ჯერ უნდა გაიღოს, მინიმუმ 300 გრამი თხილი, რომელსაც მიმღები დაამტვრევს, გაარჩევს და ვარგისს ცალკე გადააწყობს. ხარისხიანს კი აწონის და რაც გამოვა, იმ წონას გაამრავლებს 15 ლარზე! ეს 15 ლარი ყოფილა ერთი კილოგრამი გარჩეული თხილის ფასი, დღეის მონაცემებით. შემდეგ გამოიყვანენ პროცენტს, რამდენია ვარგისი. და ამ პროცენტის მიხედვით გადაგიხდიან ფასს! მოკლედ, მკითხველი და მსმენელი რომ არ დაიბნეს, რამდენჯერმე უნდა წაიკითხოს ეს ახსნა-განმარტება.  მთელი ამ პროცედურის დროს, არც ერთ მიმღებ პუნქტში არ მოგვცეს სურათის გადაღების უფლება, არ გვინდა და ნუ გვიღებთო. კითხვაზე, თუ ეს ყველაფერი ნებაყოფლობითია და კანონიერი, რატომ იმალებიან, გვითხრეს _ ასე გვინდაო! ზოგი მიბრუნდა, ზოგი დაიხარა, რომ სახე არ გამოჩენილიყო, ზოგმა დაგვიყვირა კიდეც, საქმე დაგელიათო? ახლა ვნახოთ, რა თანხა მოუწევს მოქალაქეს ერთ კილოგრამ თხილში, თუ გატეხილი 300 გრამიდან ვარგისია ნახევარი, ანუ 50%. _ნახევარი ვარგისი? ვინ გითხრათ, ასეთი რამ არ არსებობს, რაც უნდა კარგი თხილი იყოს, _ გვეუბნებიან მიმღებ პუნქტში. _ მაშინ, რამდენი შეიძლება იყოს ვარგისი საუკეთესო შემთხვევაში? _ასე, 40% . გატეხვის შემდეგ, ყველაზე საუკეთესო თხილიდან მხოლოდ ასეთი შედეგი შეიძლება, მივიღოთ. ასეთ დროს კილოგრამში გადავიხდით 5 ლარს. _ თუ, ვთქვათ, 25-30 %-ია ვარგისი, მაშინ რას გადაიხდით ერთ კილოგრამ თხილში? _ 4 ლარს! მოკლედ, ასე უცნაურ შემოქმედებით პროცესთან გვაქვს საქმე ბოლო დღეების განმავლობაში.  მოსახლეობის მცირე ნაწილს, ვისაც თხილი შავი დღისთვის ჰქონდა გადანახული, ფასის გამოყვანის ახალი მეთოდი ახალ უბედურებად მიაჩნიათ. ამბობენ, რომ ეს არის ყველაზე უარესი რამ, რაც დღემდე საცოდავი კაცის ნაშრომის წასაგლეჯად ვინმეს მოუფიქრებია. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს ჩასაბარებლად აქვს მოტანილი 5 ან 15 კილოგრამი თხილი? ასეთ დროს მიმღებ პუნქტებში იჩენენ გულმოწყალებას და პატრონს თხილის გატეხას არ აიძულებენ. არავის აქვს პასუხი, რას ემყარება თხილის ფასი სულ სხვა სიტუაციაში, ვთქვათ ადამიანი, რომელსაც არ მოსწონს თხილის გატეხვის და პროცენტის გამოყვანის გზით მიიღოს კუთვნილი ( ასეა ყველა _არავის მოსწონს ეს მეთოდი), ადგა და ნაწილ-ნაწილ ჩააბარა თხილი! ამ შემთხვევაში არ ზარალდებიან ქარხნები ან ის, ვინც საბოლოოდ მაინც ერთად თავმოყრილს წაიღებს ამ თხილს? ხომ დარჩა პროცენტი გამოუყვანელი! ასე რომ, მეთოდი, რომლითაც თხილს იბარებენ დღეს, თავად მკითხველს მოუწევს განსჯა, ინოვაციურია თუ თვითგამოგონება, რომელიც მაინც უფრო გლეხს აზარალებს. თხილის ფასის კლების პარალელურად, ფასების ზრდა შეიმჩნევა აგრარულ ბაზრებში, თუმცა, როგორც ამბობენ, ჯერ ძალიან მნიშვნელოვანი არაა ეს მატება. მაგალითად, გოჭის ცოცხალი წონა თუ იყო კილოგრამი 7 ლარი, ახლა 8 ლარია. ცოცხალი ქათამი 15 ლარი ღირს, შარშანდელი ინდაური _ 40 ლარი. ერთი კილოგრამი ყველის ფასი 7,50 ლარამდე გაიზარდა. _სიმინდის ფასი არ მომატებულა _ ორი თვეა, ერთ კილოგრამს 70 თეთრად ვყიდი. ყანას მიხედეთ და თოხი მოუსვით ახალგაზრდებმა, კაცებს შრომა ნუ ეზარებათ, საქმე რომ წახდეს, ჭადი იქნება სახლში და შიმშილით არ დეიხოცებით! _ გვეუბნება მარიამ ბებო, რომელიც მუდმივად დგას ოზურგეთის აგრარულ ბაზარში და მარცვლეულს ყიდის. რაც შეეხება პურის ფქვილის ფასს, ერთი ტომარას (25 კგ) ფასმა ერთი ლარი მოიმატა, ასევე 2 ლარი მოიმატა 50-კილოგრამიანი ტომარას ფასმა _ თუ ღირდა 41-42 ლარი, ახლა 42-43 ლარად ყიდიან. 10 თეთრით გაძვირდა საწვავიც, მათ შორის _ ბენზინი. მძღოლები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მგზავრობის ღირებულებას ვერ გაზრდიან, თუმცა, თუ კიდევ მოიმატა საწვავზე ფასმა, იძულებული გავხდებით, რომ მგზავრობის ღირებულება გავზარდოთო. დანარჩენ სასურსათო პროდუქტებიდან გაძვირდა ყავა. შაქარზე, ბრინჯზე, კარაქზე, ბურღულეულსა და ზეთზე, გამყიდველების თქმით, ამ დღეებში არ მომხდარა ფასის ცვლილება, თუმცა, ყოველი დღის მოლოდინი შიშითაა განპირობებული: _ არ ვიცით რა მოხდება, მთავრობა კი გვაიმედებს, მაგრამ სურათი მაინც სხვაა და ისევ ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ხალხის ყოფის გაუმჯობესებაზე. მეტის მოთმენა მართლა აღარ შეიძლებაო, _ ამბობს მოსახლეობა.
წყარო: gurianews.com
gurianews.com
08.12.2016
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი